დუშეთის რაიონი
ლომისობა (აღდგომის მე-7 კვირა) - ლომისას დღესასწაულს წინაქრისტიანულ ეპოქაში უდგას ფესვები. ლომისობა აღინიშნება არაგვისა და ქსნის ხეობაში. ქრისტიანობამდე ლომისა უმნიშვნელოვანესი წარმართული ღვთაება იყო მთიულეთში. მისი სახელობის სალოცავებიდან ერთი ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზეა, ხოლ მეორე სოფელ მლეთაში. ამ დღეს მლეთაში მლოცველები იკრიბებიან მთელი აღმოსავლეთ საქართველოდან. ტრადიციის თანახმად, დეკანოზები გამოასვენებდნენ დროშას და "ფერხისას" სიმღერით აიტანდნენ მთაზე, სადაც იმართებოდა დღეობა შესაწირავით. ლეგენდების თანახმად, ლომისა გზოვანის წმინდა გიორგია, რომელსაც ხორასნიდან 7 ათასი ტყვე დაუხსნია და ხარის რქებზე დაბრძანებული დამკვიდრებულა მლეთის მთაზე. მას ევედრებოდნენ შვილიერებას, თვალის სინათლეს, მიწისა და საქონლის ნაყოფიერებას. ლომისას სახით თაყვანს სცემდნენ საწინამძღვრო ჯვარს. მისი კულტის ამსახველი ლეგენდებისა და რიტუალების თანახმად, ლომისა მეომარია, ალისფერ ცხენზე ზის და ხელში მათრახი უჭირავს, რომლის დაკვრითაც ბოროტს ცეცხლი ედება და იწვის. ლომისობა მოძრავი დღესასწაულია-აღინიშნება აღდგომიდან მე-7 კვირას.
300 არაგველობა (ივნისი) - სახალხო დღესასწაული - 300 არაგველის საპატივსაცემოდ, აღინიშნება ივნისის თვეში დუშეთის რაიონის დაბა ჟინვალში.
კოპალობა (12 ივლისი) - კოპალა წინაქრისტიანული სათემო ღვთაებაა მთაში. მისი ძირითადი სამლოცველო იყო ფშავში (სოფ. უძილაურთა) და ხევსურეთში (ლიქოკისხეობა, ჭალაისოფელი). კოპალას სამლოცველოებია ასევე მთიულეთში და ხევში ( კოპალობა აღინიშნება ყაზბეგის რაიონის სოფელ ახალციხეში ).კოპალა ითვლებოდა გაღვთიშვილებულ ხორციელად, რომლისთვისაც იახსართან ერთად ღმერთს დაუკისრებია ფშავ-ხევსურეთის ტერიტორიაზე ოდესღაც მობინადრე დევ-კერპების განადგურება, მასვე მიაწერდნენ ავსულებთან ბრძოლის ფუნქციას, საკუთარი საყმოსა და სხვა ხორციელთა დაცვას ბოროტი ძალებისაგან. იმავე წარმოდგენით კოპალა თავის ყმებს მფარველობდა გასაჭირში, თან ახლდა ლაშქრობებში და ხელს უმართავდა. კოპალასა და იახსარს მოძმე ღვთიშვილებად მიიჩნევდნენ.
ელიაობა (20 ივლისი)- ელია ქართული წარმართული ღვთაებაა, წვიმა-სეტყვისა და ჭექა-ქუხილის განმგებელი. ხალხური წარმოდგენით, იგი ცაში ეტლზე დაბრძანებული დაქრის, ბრმა არის და ზოგჯერ უადგილო ადგილას მოუვლენს სეტყვას. ამიტომ სეტყვის ღრუბელი რომ გამოჩნდებოდა, თოფის სროლასა და ზარების რეკვას ატეხდნენ: ელია გაიგონებს, მიხვდება, აქ სოფელია და დაგვიფარავსო. ელიას სამსხვერპლო ცხოველია თხა (ციკანი), რაც ამ კულტის წინაქრისტიანულ წარმომავლობაზე მიგვანიშნებს. ხალხმა წარმართული ღვთაება დაუკავშირა ცად ამაღლებულ ბიბლიურ წინასწარმეტყველ ელიას (წმინდა ილია).
ათენგენობა (18-23 ივლისი) - ქრისტიანული დღესასწაულია. დაუწესებიათ მე-3 - მე-4 საუკუნეების მიჯნაზე წამებული ბერძენი მღვდელთმთავრის ათენგენე (ათინოგენ) სებასტიელის მოსახსენიებლად. განეკუთვნება მოძრავ დღესასწაულთა რიცხვს. იმართება აღდგომიდან 98-ე დღეს ("დღესა ვარდობასა"). დღესასწაული შემორჩენილია აღმოსავლეთ საქართველოს მთაში. მთიელთა ათენგენობა - ესაა ტიპობრივი წარმართული დღესასწაული, ქრისტიანული ელემენტებით, ხალხი შესაწირავითა და სათანადო რიტუალის შესრულებით შესთხოვს ხატს მფარველობას.
იახსარობა (არაუგვიანეს 25 ივლისისა) - წარმართული ღვათაებაა ფშავ-ხევსურეთში, მთიულეთ-გუდამაყარში და ერწო-თიანეთში. საკულტო სადღესასწაულო ცენტრია სოფელი შუაფხო. სხვა ღვთიშვილებისაგან განსხვავებით, იახსარი ზეციდან მოვლენილად მიაჩნდათ ჯვრის ან სვეტის სახით ("სვეტად ჩამოსული"). მას მიეწერებოდა ავსულებთან (დევები, ქაჯები, ეშმაკები) შეურიგებელი ბრძოლა, საკუთარი საყმოს წევრებისა და მისი მავედრებელი უცხო მლოცველების მფარველობა. იახსრის დროშით ხევისბერები ცდილობდნენ სულით ავადმყოფისაგან ბოროტი ძალის განდევნას, არაბუნებრივი სიკვდილით გარდაცვლილის (ზვავში დაღუპული, მეხდარტყმული, წყალში დამხვრჩალი) "სულის გამოხსნას".
ვაჟაობა (აგვისტო-სექტემბერი) - ვაჟა- ფშაველასადმი მიძღვნილი სახალხო დღესასწაულია, რომელიც ყოველი წლის აგვისტო - სექტემბერში იმართება პოეტის მშობლიურ სოფელ ჩარგალში, სადაც ამჟამად მისი სახლ-მუზეუმია. ვაჟაობაზე ჩამოდიან ცნობილი მწერლები, სახალხო მთქმელები, საზოგადო მოღვაწეები, მოსწავლეები და სტუდენტები, ყველა, ვისაც ვაჟა-ფშაველას შემოქმედება უყვარს. იმართება პოეზიის საღამო, საზეიმო კონცერტი.
ლაშარობა (1 ოქტომბერი) - ლაშარის ჯვარი ფშავის მთავარი სალოცავია. საკულტო ცენტრი მდებარეობს არაგვის ხეობის ზედა წელში, სოფელ ხოშარის მომიჯნავე ე.წ. "ლაშარის გორაზე". ლაშარის ჯვარი ითვლებოდა მოლაშქრე ღვთაებად, რომელიც "გიშრის ფრთიანი ნისლა ცხენით" წინ მიუძღოდა საყმოს ლაშქრობებს. როგორც ფშავის თორმეტივე თემის მფარველს, მასვე შესთხოვდნენ სახნავ-ნათესის ბარაქიანობას, ადამიანთა კეთილდღეობას, ავადმყოფობისა და ზიანისაგან დაცვას. ლაშარის ჯვარი ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ღვთაებად, რომელიც ფლობდა მრავალ შემოწირულ განძეულობას (მათ შორის საქართველოს მეფეებისაგანაც), ადგილ-მამულებს, ზვრებს კახეთში. არსებობს შეხედულება რომ ლაშარის ჯვარი აგებულია ლაშა გიორგის მიერ. ლაშა გიორგის სახელს უკავშირებს მას ხალხური გადმოცემაც, თუმც ღვთაების ფუნქციის, ისტორიული და ენობრივი მონაცემების მიხედვით, ლაშარის ჯვარი წარმართული, ასტრალური ბუნების ღვთაება უნდა იყოს..
ლაშარობა აღინიშნება თიანეთში, ხევსურეთსა და ფშავში. ძველი ტრადიციის თანახმად ტარდება მსხვერპლშეწირვის რიტუალი, ხევისბერის მიერ წმინდა დროშის (სალოცავის) გამობრძანება და მლოცველთა დალოცვა. ასევე იმართება ტრადიციული დოღი და კულტურული ღონისძიებები.
შატილობა (სექტემბერ-ოქტომბერი) - სახალხო დღესასწაულია, აღინიშნება შემოდგომით - სოფ. შატილში.