© სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია. 2009
დუშეთის რაიონი
დუშეთი
 
დავათის დედაღვთისმშობლის ეკლესია აშენებულია სოფელ დავათის თავზე, (დუშეთიდან 25 კილომეტრი). მდებარეობს ტყიან ქედზე ზ/დ 1200 მ სიმაღლეზე. თარიღდება ადრეული შუა საუკუნეებით.
1980-იან წლებში დაწყებული რესტავრაცია ცნობილი მიზეზების გამო შეწყდა 1990 წელს. სამუშაოები განახლდა 2005 წლიდან და მიმდინარეობს დღესაც.

ეკლესიის კედელში 1980-იანი წლების დასაწყისში არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ მიკვლეულ იქნა სტელა, რომელზეც ამოკვეთილი წარწერა ქართული ანბანის ერთერთ უძველეს ნიმუშად არის მიჩნეული.
დავათის დედაღვთისმშობლის ეკლესია
ანანურის ხუროთმოძღვრული ანსამბლი - საქართველოს გვიანდელი ხანის ერთერთი საუკეთესო ხუროთმოძღვრული ძეგლია, რომელშიც თავმოყრილია საკულტო, სამხედრო და საერო ხასიათის ნაგებობები.
ანსამბლის მთავარი ტაძრის სამხრეთ კედელში ჩატანებულ ქვაზე შესრულებული წარწერის მიხედვით ეკლესიის აგება 1689 წელს დაუმთავრებია მსაჯულთუხუცეს ბარძიმს. 
ქართული ორნამენტის შესანიშნავი ნიმუშებითაა მორთული ტაძრის ოთხივე ფასადი (შედარებით ნაკლებად - ჩრდილოეთი).
2004 წელს ჩატარებულმა საკონსერვაციო სამუშაოებმა ტაძრის ინტერიერში გამოავლინა კედლის მხატვრობის საინტერესო ნიმუშები. 
გვიან შუა საუკუნეებში ანანური წარმოადგენდა არაგვის საერისთავოს მთავარ საკვანძო პუნქტს, სადაც იკვეთებოდნენ, ერთის მხრივ, ჩრდილოეთიდან - თერგისა და არაგვის ხეობებით, მეორე მხრივ კი, ქართლიდან შემომავალი გზები.
ანანური
ვაჟა-ფშაველას სახლმუზეუმი

ვაჟა-ფშაველას მემორიალური სახლი სოფელ ჩარგალში. დაცულია ვაჟას პირადი ნივთები. ფუნქციონირებს სახლ-მუზეუმი.
 შატილი

ციხე-სოფელი შატილი დღეს ტურისტებისათვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ობიექტია. სოფელი მდებარეობს ხევსურეთში, იგი გვიანი შუა საუკუნეების ნაგებობაა. უნიკალურია, როგორც თავისი არქიტექტურით, ასევე სტრატეგიული და ისტორიული ფუნქციით.
 ხადას ხეობა

ხადას ულამაზესი ხეობა, რომელიც ხადის წყლის, თეთრი არაგვის ერთ-ერთი შენაკადის კალაპოტს მიუყვება სოფელ ქვეშეთიდან ზევით მთავარი კავკასიონის მწვერვალებისაკენ. 
არემო მრავალფეროვანია, კლდოვან ნაპირებს ალაგ-ალაგ გაშლილი ველები ენაცვლება. ხვეული აღმართებით გზა შემდეგ ვრცელ ტაფობზე გადის. ირგვლივ აზიდული მთებია. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ჩრდილოეთის მხრიდან ხეობის ჩამკეტი დაკბილული ქედი. მისი კალთებიდან იღებს სათავეს ხადის წყალი. ხეობის შემომზღუდველ მთათა ფერდობებზე სათიბებით აჭრელებული ალპური მდელოებია. 
 ხადის წყლის ორივე ნაპირზე, ველებსა და გორაკებზე შეფენილია მშვენიერი, კოხტა სოფელები, სადაც აქა-იქ კიდევ ქვხვდება მთიულეთისათვის ტრადიციული ფიქალით ნაგები ბანიანი სახლები. ხეობაში გაბნეულ პატარა სოფლებში ზოგან მხოლოდ სამი-ოთხი კომლი ცხოვრობს. დასახლებები ხეობის ბუნებრივ მყუდროებას არ არღვევენ და უცხოთათვის საკვირველი სიმშვიდით არიან მოცულნი.
 მტირალა გამოქვაბული


ბუნების ეს მშვენიერი ძეგლი პირიქითა ხევსურეთში, ზედ შატილისკენ მიმავალი გზის პირას მდებარეობს.