© სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია. 2009
დუშეთის რაიონის ტერიტორიაზე უძველესი დროიდან გადიოდა სახელმწიფოთაშორისო მნიშვნელობის მქონე სამიმოსვლო გზები. მათგან უმთავრესია დარიალის ანუ არაგვის გზა, მე-18 საუკუნის მიწურულიდან -"საქართველოს სამხედრო გზა.

დუშეთის რაიონის ტერიტორიაზე, კერძოდ, არაგვის ხეობაში, ადამიანის სამოსახლოებზე საუბარი შეიძლება ნეოლითის ხანიდან. აღმოჩენილია პალეოლითის ხანის ცალკეული იარაღები. ამავე პერიოდში საცხოვრებლად ათვისებული იყო, როგორც ბაზალეთის პლატო და ჟინვალის მიდამოები, ისე მთაც, მაგ. დიდველი. ჩვ.წ. მე-3 ს-ში, მას შემდეგ, რაც მეფე ფარნავაზმა ქართლის სამეფო საერისთავოებად დაყო, ახლანდელი დუშეთის რაიონის ტერიტორია შევიდა შიდა ქართლის ანუ სასპასპეტოს და კახეთ-კუხეთის საერისთავოებში. რაიონის ტერიტორიაზე, კერძოდ, ჟინვალში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა მოწმობს, რომ არაგვის ხეობის შუა წელზე ახ.წ. პირველ საუკუნეებში აღმოცენებული იყო ქალაქური ტიპის ძლიერი დასახლება. მე-4 საუკუნის 30-იან წლებში მთიელთა გასაქრისტიანებლად წმ. ნინო მოვიდა წობენს. მე-9 - მე-11 სს-ში კახეთის სამთავროს (შემდგომში სამეფოს) გაძლიერებასთან დაკავშირებით, დუშეთის რაიონი პოლიტიკურად მთლიანად კახეთის შემადგენლობაში იყო მოქცეული. მონღოლთა შემოსევების შემდეგ მის ტერიტორიას გამოეყო არაგვის საერისთავო. რაიონის ტერიტორია ეკლესიური მმართველობის თვალსაზრისით განაწილებული იყო მცხეთის საპატრიარქოს, წილკნისა და ხარჭაშოს საეპისკოპოსოებზე.

არაგვის ხეობამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს ისტორიაში. ჩრდილო და სამხრეთ კავკასიაში მცხოვრებ ტომებს შორის უკვე ენეოლით ადრე ბრინჯაოს ხანიდან არსებობს მჭიდრო კულტურულ-ეკონომიკური ურთიერთობა. ძვ. წელთაღრიცხვის VI ს-ში სკვითური ტომების შემოღწევა ამიერკავკასიასა და და მცირე აზიაში სხვა გზებთან ერთად დარიალ-არაგვითაც ხორციელდებოდა. ბერძენი გეოგრაფი სტრაბონი ამ გზის შესახებ აღნიშნავდა: "ჩრდილოეთით მცხოვრები მომთაბარეებიდან სამი დღის ძნელი ამოსასვლელია, ხოლო ამის შემდეგ არის საცალფეხო გზა მდინარე არაგოსის ვიწრო ხეობაში, დაახლოებით ოთხი დღის სავალი, ხოლო გზის ბოლო ძნელად ასაღები კედლით არის გამაგრებული"

თემურლენგის შემოსევების შემდეგ დარიალ-არაგვის გზა თავის მნიშვნელობას კარგავს. XVI ს. მიწურულს ამ გზის მთიანი ნაწილი მხოლოდ ნაგზაურსღა წარმოადგენდა.

1801 წლიდან, საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ, დარიალ-არაგვის გზას მიენიჭა დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა. ამ ხანიდან მან მიიღო "საქართველოს სამხედრო გზის" სახელწოდება და წარმოადგენდა ამიერკავკასიის რუსეთთან დამაკავშირებელ ერთ-ერთ მთავარ არტერიას.

დუშეთის რაიონის ტერიტორია მრავალ ისტორიულ-გეოგრაფიულ თუ ისტორიულ-ეთნოგრაფიულ თემს მოიცავდა: მთიულეთს (ხადა, ცხავატი), გუდამაყარს, ხანდოს, ჭართალს, ბაზალეთს, ხორხს, ფხოვს (გვიანდელ ფშავსა და ხევსურეთს), წობენს. 

ფშავი მდებარეობს ფშავის არაგვის ხეობაში. უჭირავს დაახლოებით 550 კვ კმ ფართობი. ფშავის მთავარი მდინარე არაგვია, რომლის სათავე ბოთანა-ბორბალოშია (3.135 მ). აღმოსავლეთისკენ მომდინარე ფშავის არაგვი შუაფხოდან 7 კმ დაშორებით უხვევს სამხრეთით და უერთდება ხევსურეთის არაგვს, სადაც იქმნება ე.წ. "ორწყალი" (ფშავ-ხევსურეთის არაგვი).

ქართული მატიანის უძველეს ცნობებში ფშავ-ხევსურეთი იხსენიება ფხოვად, ფშაველები და ხევსურები - ფხოელებად.

ფხოელები პირველად მოხსენებულია "მოქცევაი ქართლისაი-"ში. როდესაც წმინდა ნინომ იბერიის სამეფო გააქრისტიანა, ფხოელებს ქრისტიანობა ნებით არ მიუღიათ, ხელისუფლებისაგან დევნაც კი განუცდიათ და მათი ნაწილი მეზობელ თუშეთში გახიზნულა. ფხოვის ისტორიული ტერიტორია მემატიანეს ასე აქვს შემოფარგლული: გუდამაყრის ხეობის აღმოსავლეთით ფხოელთა მთებზე არის ფხოეთი, რომელსაც აღმოსავლეთით დიდოეთი, ხოლო სამხრეთაღმოსავლეთით თუშეთი საზღვრავსო.

XIII საუკუნეში, თამარის მეფობის უკანასკნელ წლებში, დაახლოებით 1212 წელს ფხოელები და დიდოელები გამდგარან. მათი ამბოხის ჩასახშობად: "მოუწოდა მეფემან თამარ ათაბაგსა ივანეს, და ყოველთა მთიულთა, დვალთა, ცხრა-ზმელთა, მოხევეთა, ხადელთა, ჭართალთა და ერწო-თიანელთა მისცნა ივანე ათაბაგსა, და წარავლინა მათ-ზედა. ხოლო ივანემ გონიერად ყო, აღვიდა მთასა ხადისასა, და წარვლო წვერი მთისა, და წარდგა მთასა ფხოელთა და დიდოთასა, რომელი ესე არავის ექმნა, არცა პირველ და არცა შემდგომად... და მოწყვიდნეს ურიცხვი კაცი დიდო და ფხოელი. და დაყუნეს სამნი თთუენი, ივნისი, ივლისი და აგვისტოსი… და ესრეთ გამარჯვებული მოვიდეს წინაშე მეფისა". ("ქართლის ცხოვრება", გვ. 484-485).

ამ დროიდან ამ მხარეს სახელიც ეცვლება და ფხოვის ნაცვლად შემდეგ საუკუნეებში ფშავად იხსენება. მისი ძველი ისტორიული სახელი ფხოვი დღეს მხოლოდ ერთ სოფელს - შუაფხოს შერჩენია.

ხევსურეთი მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის ორივე მხარეს, მდინარეების ასასა და არღუნის შენაკადების სათავეებსა და ხევსურეთის არაგვის ხეობაში.

ხევსურეთს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ინგუშეთი, ჩრდილო-აღმოსავლეთით - ჩეჩნეთი, აღმოსავლეთით - თუშეთი,სამხრეთით - ფშავი, დასავლეთით – ხევი და გუდამაყარი.

ხევსურეთის უფრო დიდი და მთავარი ნაწილი მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე და ეწოდება პირაქეთა ხევსურეთი, რომელიც მოიცავს ხევსურეთის არაგვის ხეობას. მის ჩრდილოეთ კალთაზე მდებარე ნაწილს კი პირიქითა ხევსურეთი ეწოდება, რომელშიც შედის არდოტის, შატილის და არხოტის ხეობები.

პირაქეთა და პირიქითა ხევსურეთი ერთმანეთს უკავშირდება არხოტისა და დათვისჯვრის უღელტეხილებით.

პირიქითა ხევსურეთში ბილიკები ფშავიდანაც გადადის, ერთი სოფ. მათურიდან: გაივლის მათურის ღელის გადასავალზე (3.167 მ) და სფ. ხახაბოში ჩადის, მეორე უკანა ფშავიდან: გადადის ანდაკის გადასავალზე (2.738 მ) და არდოტში ეშვება.

თუშეთის ბილიკი მიდის უკანა ფშავიდან ბორბალოს გადასავალზე (3135მ) და გომეწრის ალაზნის ხეობაში ჩადის.

ხადა.კავკასიონის მთავარი ქედის კალთებიდან მთიულეთის თეთრი არაგვი გზადაგზა გუდამაყრის (შავ) და ხევსურეთის არაგვის წყლებს იერთებს. მანამდე კი მას არა ერთი შენაკადი ერთვის, რომლებიც პატარა ხეობებს ქმნიან. მათ შორის არის ხადის ხეობაც. თავისი განსაკუთებული გეოგრაფიული მდებარეობის გამო იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქრთველოს კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. თორმეტიოდე კილომეტრის სიგრძის მქონე ხეობაში შემორჩენილი ურიცხვი ციხე-კოშკი და არაერთი ეკლესია ამის ნათელი დადსტურებაა.

ხადის წყალი არაგვს ქვეშეთთან ერთვის. გზა არაგვზე დაკიდული ხიდის გავლით ჯერ ხადის წყალს მიუყვება. გარემო მრავალფეროვანია, კლდოვან ნაპირებს ალაგ-ალაგ გაშლილი ველები ენაცვლება.ხვეული აღმართებით გზა შემდეგ ვრცელ ტაფობზე გადის. ირგვლივ აზიდული მთებია. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ჩრდილოეთის მხრიდან ხეობის ჩამკეტი დაკბილული ქედი. მისი კალთებიდან იღებს სათავეს ხადის წყალი. ხეობის შემომზღუდველ მთათა ფერდობებზე სათიბებით აჭრელებული ალპური მდელოებია.
ხადის წყლის ორივე ნაპირზე, ველებსა და გორაკებზე შეფენილია მშვენიერი, კოხტა სოფელები, სადაც აქა-იქ კიდევ ქვხვდება მთიულეთისათვის ტრადიციული ფიქალით ნაგები ბანიანი სახლები. ხეობაში გაბნეულ პატარა სოფლებში ზოგან მხოლოდ სამი-ოთხი კომლი ცხოვრობს. დასახლებები ხეობის ბუნებრივ მყუდროებას არ არღვევენ და უცხოთათვის საკვირველი სიმშვიდით არიან მოცულნი.
დუშეთის რაიონი
დუშეთი