© სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია. 2009
მცხეთის ჯვრის დიდი ტაძარი
მცხეთის ჯვრის დიდი ტაძარი - (586/7 – 604 წ.წ.) ქართული და საზოგადოდ, მსოფლიო არქიტექტურის ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლია. მიუხედავად თავისი შედარებით მცირე ზომისა ეს ტაძარი გამორჩევა სივრცის შინაგანი გაფორმების მთლიანობითა და გრანდიოზულობით, პროპორციების სრულყოფილებით, შინაგან სივრცესთან ფასადების მხატვრული დამუშავებით. ტაძრის სახელწოდება
მომდინარეობს ხის დიდი ჯვრიდან, რომელიც მოციქულთასწორმა ნინომ აღმართა მცხეთის აღმოსავლეთით, მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესართავთან მდებარე გორის წვერზე. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მთა წინარექრისტიანულ ხანაშიც მნიშვნელოვან საკულტო ცენტრს წარმოადგენდა; კიდევ უფრო გაიზარდა მისი მნიშვნელობა ახალშემოსული რელიგიის გაძლიერება-გამტკიცების შემდეგ. ნათქვამის დასტურად გამოდგება თუნდაც ის ფაქტი,რომ აქ მლოცველები მოდიოდნენ მთელი კავკასიიდან, მათ შორის სომხეთიდანაც მოდიოდნენ. VI საუკუნის მე-2 ნახევარში ქართლის ერისმთავარმა გუარამმა ჯვრის მახლობლად ააგო პატარა ეკლესია (იგი ცნობილია როგორც ჯვრის მცირე ტაძარი); ხოლო VI საუკუნის 80-ანი წლების ბოლოს, გურამის ძემ სტეფანოზმა, იმ დროისათვის თავადაც ქართლის ერისთავმა, საფუძველი ჩაუყარა მცხეთის ჯვრის დიდი ტაძრის მშენებლობას, რომელიც დასრულდა 604 წელს. ტაძრის ფასდები და შიდა პირი ნაგებია ღია
ვარდისფერი, ზოგ ადგილას კი მუქი ღვინისფერი კარგად გათლილი კვადრებით. კედლის წყობის ჰორიზონტალური რიგების სწორხაზოვნება ყველგან მკაცრადაა დაცული. ტაძარს ორი შესასვლელი აქვს - დასავლეთიდან და სამხრეთიდან. ტაძრის გეგმის საფუძველია ტეტრაკონქი, რომლის კომპოზიციურ ცენტრს წარმოადგენს გუმბათქვეშა კვადრატი. მასზე აღმართულია ნახევარსფეროს მოყვანილობის გუმბათის რვაწახნაგა ოთხსარკმლიანი ყელი. გუმბათის ნახევარსფეროს ცენტრში - ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა. ტაძრის აღმოსავლეთ ფასადის შუა შვერილზე გამოსახულია ტაძრის აშენების და ხარჯვის გამწევი ისტორიული პირები: მაცხოვრის წინაშე მუხლმოდრეკილი სტეფანოზ ერისმთავარი; იქვე, ასომთავრულით შესრულებულია წარწერა - "ჯუართ მაცხოვრისათ, სტეფანოს ქართლისა პატრიკოსი შეიწყალე"; მარცხნივ - სტეფანოზის ძმა დემეტრე მფარველი ანგელოზითა და შესაბამისი წარწერით: "წმინდაო მიქელ მთავარანგელოზო, დემეტრე უპატოსსა მეოხ ხეყავ"; სტეფანოზის ფიგურის მარჯვნივ, მისი მემკვიდრე ადარნასე, თავს ზემოთ ფრთებგაშლილი ანგელოზებითა და წინ ხელგაწვდილი ანგელოზებით. ანგელოზის წინ მუხლმოდრეკილი ბავშვი - ადარნასეს ძე. ასომთავრული წარწერა გვაუწყებს: "წმინდა გაბრიელ მთავარანგელოზო, ადარნესე უპატოსს მეოხ ხეყავ". სამხრეთის შესასვლელის თავზე მოთავსებულია ქრისტიანულ სამყაროში საყოველთაოდ ცნობილი ანგელოზთა მიერ ჯვრის ამაღლების სცენა. ანგელოზების ფიგურები ძალზედ მაღალი ხელოვნებითაა შესრულებული.
"თბილისისკენ ჩრდილოეთიდან ან დასავლლეთიდან მომავალი მგზავრი შორიდანვე ხედავს მცხეთის ჯვრის სილუეტს, მერე გარს უვლის მას სხვადასხვა მხრიდან; ძეგლი ხან გზის პერსპექტივაში წარმოდგება, ხან ცის, ხან მაღალი მთის ფონზე; და საიდანაც არ უნდა უყურებდე მას, მცხეთის ჯვარი გაოცებს და გაღელვებს გარემო ბუნებასთან, მთების მოხაზულობასთან ჰარმონიული შერწყმით - იგი თითქოს ამ მთებისგანაა აღმოცენებული, როგორც მათი ბუნებრივი ნაწილი და გაგრძელება. "ბუნების გრძნობა", ხუროთმოძღვრებისა და გარემოს ორგანული კავშირი ქართული ძეგლების დამახასიათებელი და აუცილებელი თვისებაა" (აკად. ვახტანგ ბერიძე). ჯვრის ტაძარს აქვს მეორე, ხალხური სახელიც - ჯაჭვის საყდარი, რომელიც დაკავშირებულია ერთ, საუკუნეების სიღრმეში შექმნილ ლეგენდასთან: მცხეთის ჯვრის გუმბათი რკინის ჯაჭვით იყო დაკავშირებული სვეტიცხოვლის კათედრალის გუმბათთან. ამ ჯაჭვის მეშვეობით ჯვრის ტაძრის ბერები გადმოდიოდნენ სვეტიცხოველში, გადმოცემის თანახმად, რწმენის შემცირების კვალად ჯაჭვიც თანდათან თხელდებოდა და ბოლოს ავიდა ცაში და საბოლოოდ გაქრა. მცხეთის ჯვარი არის არა მარტო ეროვნული, არამედ ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის ძეგლი. ამიტომაც ქართული ხუროთმოძღვრული სკოლის ეს საოცარი ქმნილება შეტანილია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში.
სვეტიცხოველი
სვეტიცხოველი ჩვენამდე მოღწეულ საკულტო ნაგებობათა შორის უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ტაძარია. მდებარეობს თბილისიდან 20 კმ-ზე, საქართველოს ძველ დედაქალაქ მცხეთაში. საუკუნეების მანზილზე სვეტიცხოველი წარმოადგენდა არა მარტო ქრისტიანული საქართველოს საეკლესიო ცენტრს; სვეტიცხოველი იყო და დღემდე რჩება ბაგრატოვანთა დინასტიის (გელათთან ერთად) და სხვადასხვა რანგის სასულიერო პირთა განსასვენებლად. მატიანეების მიხედვით, მოციქულთა სწორ წმინდა ნინოს რჩევითა და მეფე მირიანის გადაწყვეტილებით მცხეთაში პირველი ქრისტიანული ტაძრის ასაგებად შერჩეული იქნა ადგილი "სამოთხე მეფისაი".
ეს არ იყო შემთხვევით ი არჩევანი, "სამოთხე მეფისაი" წარმოადგენდა ქრისტიანობამდელი ქართლის სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს სატაძრო ცენტრს. არქეოლოგიური და წერილობითი წყაროების მონაცემთა შეჯერებით თვალნათლივ ჩანს, რომ ამ ტერიტორიაზე, მომავალი ქრისტიანული ტაძრის უშუალო სიახლოვეს, (მისგან ჩრდილო-აღმოსავლეთით) ფუნქციონირებდა სამეფოს უმთავრესი კულტის -
მზის ტაძარი. სვეტიცხოვლის ტაძარმა, რომელიც თავდაპირველად (IV ს. 30-იან წწ) აიგო მაცხოვრის სახელზე, ხილო ვახტანგ I გორგასლის ზეობის დროს (V ს.) ეკურთხა თორმეტი მოციქულის სახელზე, მშენებლობისა და ნგრევა-აღდგენის რამდენიმე ეტაპი გაიარა. პირველი, მირიანისეული ეკლესია, ქართული წერილობითი წყაროების მიხედვით ("მოქცევაი ქართლისაი", "ნინოს ცხოვრება", ლეონტი მროველის "ცხოვრება ქართველთა მეფეთა..."), იქვე მოჭრილი ხის ძელებით აუგიათ; ბიზანტიურ ქრონიკებში სამშენებლო მასალაზე საუბარი არაა; კოპტურ-სირიულ ხელნაწერებში კი სამშენებლო მასალად ქვაა მითითებული. ეს ბოლო ინფორმაცია დამაჯერებლი ჩანს, რადგან ახ. წ. II-III სს. ქართლის სამეფოსა და მომეტებულად დიდ მცხეთაში, არქიტექტურული თვალსაზრისით მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ნაგებობის ასაშენებლად გამოუყენებიათ სხვადასხვა ქვა - უბრალო ქვიშა-ქვიდან
დაწყებული, მარმარილოთი დამთავრებული. ნათქვამის მყარს საბუთს წარმოადგენს არქეოლოგიური კვლევა-ძიებისას გამოვლენილი სხვადასხვა ფუნქციის მატარებელი ნაგებობა თუ მათი ნაშთები საზოგადოდ დიდ მცხეთასა (სასახლის ტიპის ნაგებობები, სამეფო აკლდამა, რომაულ-მცირე აზიური ტიპის აბანოები და სხვა) და საკუთრივ სვეტიცხოვლის ინტერიერსა თუ შემოგარენში. სვეტიცხოვლის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია ახ. წ. V ს. მე-2 ნახევარი, როდესაც ვახტანგ I-მა გორგასალმა დანგრეული ტაძრის სანაცვლოდ ააგო ახალი, გაცილებით დიდი ეკლესია. ქართველი მემატიანე ჯუანშერი გვაუწყებს: "ხოლო მცხეთასა მეფემან ვახტანგ აღაშენა ეკლესია მოციქულთა სუეტი ცხოველი (გავიხსენოთ - პირველი ტაძარი მაცხოვრის სახელზე იყო აგებული), რამეთუ პირველი მცირე იყო მირიანისაგან აღშენებული." მესამე და უმთავრესი ეტაპი XI ს. სახელდობრ, 1010 წელი, როდესაც ქართლის კათალიკოზმა მელქისდეკ I დაიწყო ახალი ტაძრის მშენებლობა, მანამდე, ორიოდე საუკუნით ადრე, ქართლის სამეფოში უმძიმესი განსაცდელი იდგა - არაბები რამოდენიმეგზის შემოესივნენ ქვეყანას. სხვა ქალაქებთან ერთად არაბებმა მცხეთაც მოაოხრეს; მტერმა, ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, გადაწვა მცხეთის ჯვარი და სვეტიცხოველი.
მელქისედეკ I-მა ახალი ტაძრის ასაშენებლად, ამ უაღრესად საპატიო და საპასუხისმგებლო ამოცანის შესასრულებლად ხუროთმოძღვარი არსუკიძე (დაბ. წელი უცნობია; გარდ. 1029წ.) მოიწვია. ხუროთმოძღვრის სახელი ამოკვეთილია ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე და ჩრდ. კედლის მთავარი სარკმლის ზემოთ:
"ჰელი მონისა არსუკიძისაი შეუნდევი"; იქვე - ხელისა და გონიოს რელიეფური გამოსახულებაა. არსუკიძისეული ტაძარი ორსაუკუნენახევრის შემდეგ მნიშვნელოვნად დაზიანდა თემურ-ლენგის ერთ-ერთი შემოსევის დროს (XIV საუკუნის 80-იანი წლები). ქართველი ისტორიკოსი ბერი ეგნატაშვილი გვაუწყებს: მონღოლებმა "...იავარ-ყვეს და მოახრეს ყოველივე საქართველო, შემუსრეს და დაარღვიეს წმინდა კათოლიკე ეკლესია მცხეთისა..." ჟამთა სიავისა და ქვეყნის ეკონომიკური შეჭირვების გამო სვეტიცხოვლის აღდგენის დაწყება მხოლოდ 50 წელზე მეტი ხნის შემდეგმოხერხდა. ეს რთული მისია ითავა მეფე ალექსანდრე I დიდის აღმზრდელმა ბებიამ რუსამ, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ კათედრალის აღდგენის საქმეს სათავეში ჩაუდგა მეფე ალექსანდრე I ბაგრატიონი, ისტორიაში "ალექსანდრე დიდის" სახელით შესული. მან "ოცდაოთხისა წლისამან იწყო აღშენებად სვეტისა ცხოველისა, და აწ ახლად აღაშენა და განავრცო და განასრულა, და ყოველით მოკაზმულობითა შეამკო და განაშენა" (ახალი ქართლის ცხოვრება, მეორე ტექსტი). გუმბათის ყელი და სახურავი კიდევ ერთხელ შეკეთდა მეფე როსტომ I ზეობის წლებში, კერძოდ, 1656 წელს. უმნიშვნელო გადაკეთებები მომდევნო პერიოდშიც ხორციელდებოდა, თუმცა მათ ძირეული ცვლილება აღარ შეუტანიათ ტაძრის საერთო იერ-სახეში. ეგზარხოსობის პერიოდში (1801 წ. შემდეგ) ძველი მხატვრობის დიდი ნაწილი გადალესეს და შეათეთრეს; ამას მოჰყვა იმპერატორ ნიკოლოზ I ჩამოსვლასთან დაკავშირებული სამზადისისას მიღებული გადაწყვეტილება ტაძრის ჩრდილო (მთავარანგელოზის ეკლესიისა) და სამხრეთის მინაშენების დაშლის შესახებ. ამ ყოვლად გაუმართლებელმა ქმედებებმა არა მარტო მნიშვნელოვნად შეცვალა არსუკიძისეული ქმნილების სახე, არამედ საფუძვლიანად დააზიანა ტაძარი. სვეტიცხვოვლის ძველი (არსუკიძის დროის) მხატვრობა არ შემორჩენილა; თუმცა, უდავოა, რომ ასეთი დიდებული ტაძარი სათანადო ხელოვნებით იქნებოდა მოხატული. დღეისათვის შემორჩენილი მხატვრობა განეკუთვნება XVI - XVII ნაწილობრივ, შესაძლოა XVIII საუკუნეებსაც. XIX საუკუნის მე-2 ნახევრის ბოლოს კათედრალის ნაწილი ხელახლა მოიხატა.
სვეტიცხოველში შემორჩენილი მხატვრობიდან განსაკუთრებით საინტერესოა "სვეტის" მხატვრობა, რომელიც შესრულდა ქართველ ფერმწერთა მიერ, გრიგოლ გულჯავარსშვილის ხელმძღვანელობით XVII საუკუნის მიწურულს. მოთავე (ქტიტორი) ამ საქმისა იყო კათალიკოს- პატრიარქი ნიკოლოზ IX.
სვეტიცხოვლის ტაძარს გააჩნია შიდა ეზო, რომელიც შემოზღუდულია ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II ბრძანებით, 1787 წელს აგებული გალავნით. გალავანი ორსართულიანია, რომლის ზედა ნაწილში სათოფეები და სალოდეებია დატანებული. მთელს პერიმეტრზე შემოსდევს 6 ცილინდრული და 22 ოთხკუთხა კოშკი. გალავანს ორი ჭიშკარი ჰქონდა - ერთი სამხრეთიდან და მთავარი კარიბჭე დასავლეთიდან, რომელიც არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლენილი კათალიკოს-პატრიარქ მელქისედეკ I სასახლის ნაშთთან ერთად, XI საუკუნის ქართული საერო არქიტექტურის ძალიან მაღალი დონის მაჩვენებელია.