© სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია. 2009
მცხეთა საქართველოს ერთერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი ქალაქია. მცხეთა ქართლის სამეფოს, ტრადიციულად კი მთელი ქვეყნის პირველ დედაქალაქადაა მიჩნეული.
მცხეთის დედაქალაქად გამოცხადება მოხდა ძვ. წ. III ს. 80-იან წლებში ქართლის, ოდნავ მოგვიანებით კი, სრულიად საქართველოს მეფის ფარნავაზის დროს... ამ დროიდან მოკიდებული ახ. წ. V ს. ჩათვლით, მცხეთა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა საქართველოსა და მთელს  კავკასიაში. ქვეყნის ყველა საჭირბოროტო საკითხი წყდებოდა მცხეთელი მამასახლისის მიერ, "რამეთო ქალაქი მცხეთა განდიდებული იყო უმეტეს ყოველთასა, და უწოდეს დედა-ქალაქად" [ლეონტი მროველი]. 

მცხეთა საქართველოს უძველეს ქალაქთა შორის ალექსანდრე დიდი მაკედონელის საქართველოში ლაშქრობასთან დაკავშირებითაც მოიხსენიება: ალექსანდრე მაკედონელმა "პოვნა ციხე-ქალაქნი ესე ძლიერნი შუა ქართლ: წუნდა, ხერთვისი მტკურისა, ოზრხე, მოკიდებული კლდესა ღადოსა, თუხარისი მდინარესა ზედა სპერისასა, რომელსა ჰქვიან ჭოროხი, ორბნისი, კასპი, და უფლისციხე, ქალაქი დიდი მცხეთა და უბანნი მისნი: სარკინე, ზანავი, უბანი ჰურიათა" [ლეონტი მროველი]. 

მცხეთას, ანტიკური ხანიდანვე ყოველმხრივ ჩამოყალიბებული ქალაქის სახე ჰქონდა - მყარად ნაშენი ქვის სახლებით, კრამიტის სახურავებით, აბანოებით, წყალგაყვანილობებით, საბაზრო და საზოგადოებრივი დანიშნულების მოედნებით, საკულტო ნაგებობებით... წელთაღრიცხვთა მიჯნაზე მოღვაწე ცნობილი ბერძენი გეოგრაფის, სტრაბონის  ინფორმაცია ქართული ხუროთმოძღვრული სკოლის მაღალი დონის შესახებ კარგად იქნა დოკუმენტირებული არქეოლოგიური გათხრებით დიდი მცხეთის სხვადასხვა უბანზე. ყოველივე ზემოთთქმულის დასტურია ქალაქის ისტორიული ნაწილები და ძეგლები:

ღართისკარი  - დიდი მცხეთის ერთიანი თავდაცვითი სისტემის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რომელიც სამეფოს დედაქალაქს იცავდა ჩრდილოეთიდან – მდ. არაგვის მარჯვენა ნაპირზე მდებარე გორადან და გრძელდებოდა მდ. არაგვის მარცხენა ნაპირზე ზედაზნის ქედის ქვედა კალთამდე, ანუ, ფაქტობრივად, კეტავდა არაგვის ხეობას და იცავდა დედაქალაქის ორ უმნიშვნელოვანეს უბანს; ბერძნულ-რომაული წერილობითი წყაროების "სევსამორას" და საკუთრივ მცხეთას... სწორედ ღართისკარს გულისხმობს სტრაბონი, როდესაც წერს: "ჩრდილოეთით მცხოვრები მომთაბარეებიდან ძალზედ ძნელი, დაახლოებით სამი დღის ამოსასვლელია, რომლის შემდეგ მდინარე არაგის (არაგვის) გასწვრივ მდებარეობს ვიწრო დაბლობი. მასზე გადის დაახლოებით ოთხი დღის სავალი გზა. გზის ბოლო მონაკვეთი დაცულია მიუდგომელი სიმაგრით". 

ღართისკარის ყოველმხრივ უნიკალური თავდაცვითი კომპლექსი აშენდა ძვ. წ. III-II სს. მიჯნაზე, და ფუნქციონირებდა ახ. წ. IV-V სს-მდე ანუ 700 წლის მაძილზე.

არმაზციხე - ბაგინეთის ახ. წ. I-V სს. სამეფო რეზიდენცია უნიკალური თავდაცვითი სისიტემით, სასახლის ტიპის ნაგებობით, გრანდიოზული წინარექრისტიანული ტაძრით, სამი მცირეაზიური-რომაული ტიპის აბანოთი. აქაა აღმოჩენილი მეფის ასულის მთლიანკვეთილი ქვის სარკოფაგი უმდიდრესი და უნატიფესი ნივთებით და ძალზე საყურადღებო ინფორმაციის შემცველი ბერძნული წარწერებით.

პიტიახშთა რეზიდენცია ქართლის (არმაზის) ხევში სხვადასხვა ფუნქციონალური დანიშნულების ნაგებობებით, ძალზედ რთული წყალგაყვანილობის სისტემით, საყოფაცხოვრებო და საკულტო მარნებით, სამაროვნებით. აქ აღმოჩენილია პიტიახშის ასულის - სერაფიტას ცნობილი სამარხი,  ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს, მინის, ასევე ძვირფასი ქვებისაგან დამზადებული უმშვენიერესი და უიშვიათესი სამკაულები და სხვა ნივთები, რაც არა მხოლოდ ლოკალური რეგიონის, არამედ ზოგადსაკაცობრიო მასშტაბის კულტურული მემკვიდრეობაა.

სამეფო აკლდამა (ქ. მცხეთის რკინიგზის სადგურთან) - ახ. წ. პირველი საუკუნეებში ქართველთა მაღალი  სამშენებლო ხელოვნების  კიდევ ერთი ნათელი მაგალითია... 

მცხეთა დედაქალაქობის ხნაში (შეგახსენებთ - ძვ.წ. III ს. 80-იანი წწ. ახ.წ. V ს.). საქართველოსა და კავკასიის ერთ-ერთი უმდიდრეს ქალაქად ითვლებოდა, რომლის რიგით მოქალაქეთა ცხოვრების დონე ძალზედ მაღალი იყო.

ნათქვამის დასტურად გამოდგება არქეოლოგთა მიერ შესწავლილი საზოგადოების ფართო ფენების სამაროვნები სამთავროს ველზე, კარსანისხევში, ე.წ. "მოგვთაკარის" სამაროვანი, სამარხთა ჯგუფები სვეტიცხოვლის კათედრალის სიახლოვეს. ამ მასობრივ სასაფლაოებზე ასობით და ასობით რიგითი მოქალაქის სამარხებში მიკვლეულმა და შესწავლილმა მასალებმა, სამეურნეო, საყოფაცხოვრებო თუ საკულტო ნივთებმა და სამკაულებმა თვალნათლივ დაგვანახა, რომ მაშინდელი მცხეთა ეკონომიურად  და მატერიალურად საკმაოდ იყო განვითარებული.

მცხეთა ახ. წ. V ს. მე-2 ნახევრიდან თანდათან კარგავს ქვეყნის პირველი ქალაქის მნიშვნელობას. მას ენაცვლება ახლად აღზევებული ურბანისტული ცენტრი - საქართველოს დღევანდელი დედაქალაქი თბილისი. მემატიანის ხატოვანი ფორმულირებით:  VI საუკუნის მიწურულისათვის, "მცხეთა აღთხელდებოდა და ტფილისი აღშენდებოდა; არმაზი შემცირდებოდა და კალა გამდიდრდებოდა."

საყურადღებოა, რომ სახელმწიფოს უპირველესი ქალაქის ფუნქციის დაკარგვის შემდეგაც,  მიუხედავად არაერთგზის დარბევა-აოხრებისა, საქართველოს მეფეები და უმაღლესი სასულიერო პირები ოფიციალურ დოკუმენტაციასა და საკანონმდებლო აქტებში მცხეთას კვლავ ასე უწოდებდნენ: "დიდი დედაქალაქი მცხეთა".  ისტორიულადაც, ხალხის ცნობიერებაში, მცხეთა და მისი შემოგარენი - ჯვრის, სამთავროს, შიომღვიმის, ზედაზნის მონასტრებით, სვეტიცხოლის საკათედრო ტაძრით -  ყოველთვის რჩებოდა ქართული სულიერების, მწიგნობრობის, საერო თუ საეკლესიო კულტურის უპირველეს კერად, ქრისტიანული საქართველოს მთავარ სიმბოლოდ. სწორედ მცხეთაში დაარსდა პირველი საეპიკოპოსო აღმოსავლეთ საქართველოში. ეს მოხდა მე-4 საუკუნის 30-იან წლებში. 

მცხეთის საეპისკოპოსოს დაარსება დაკავშირებულია ქართლში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებასთან. სწორედ მცხეთაში, იმ ადგილას, სადაც ახლა სამთავროს დედათა მონასტერია, მოვიდა ქართველთა განმანათლებელი წმინდა ნინო, დაესახლა და სამი წლის განმავლობაში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. მცხეთის საეპისკოპოსოს ტერიტორია მე-5 საუკუნემდე მთლიანად მოიცავდა ქართლის სამეფოს პოლიტიკურ-ეთნიკურ საზღვრებს. თავდაპირველად ეპისკოპოსები იგზავნებოდნენ ქალაქ კონსტანტინეპოლიდან, ისინი მთავარეპისკოპოსის ტიტულს ატარებდნენ. ყველა ადგილობრივი ეკლესია მცხეთის ეპისკოპოსს ემორჩილებოდა. ვახტანგ გორგასლის მეფობის დროიდან (მე-5 ს.) კერძოდ, ქართლში ახალი საეპისკოპოსოების დაარსებისა და კათალიკოსობის შემოღების შემდეგ, 
მცხეთის საეპისკოპოსო დარჩა საკათალიკოსოში შემავალ ერთ-ერთ საეპისკოპოსოდ, რომლის საკათედრო (საეპისკოპოსო) ტაძარი (მაცხოვრის სახელობისა) იყო მცხეთაში; ამ დროიდან მცხეთის საპატრიარქოს იურისდიქცია შევიწროვდა - მოიცავსდა მხოლოდ მდინარეების, რეხულასა და დიდი ლიახვის შორის მდებარე ტერიტორიას. ამ პერიოდიდან მცხეთის საეპისკოპოსოს მეთაურს ეწოდებოდა ქართლის მთავარეპისკოპოსი ან სამთავროს ეპისკოპოსი. იერარქიულად ქართლის ეპისკოპოსს კათალიკოსის შემდეგ პირველი ადგილი ეკავა (გვიანდელ პერიოდში - მეოთხე) და მთავარ როლს ასრულებდა მეფედ კურთხევის რიტუალში. 1811 წელს, ქართლ-კახეთის სამეფოსა და ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ,  მცხეთის საეპისკოპოსოც ადმინისტრაციული წესით გააუქმეს და მის ნაცვლად დაარსეს სამთავროს დედათა მონასტერი.
მცხეთის რაიონი