© სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია. 2009
სამთავროს მთავარსაეპისკოპოსო ტაძარი 

სამთავროს მთავარსაეპისკოპოსო ტაძარი, 1811 წლიდან დედათა მონასტერი. სამთავროს ველი მონასტრის (მშრალი) ხევიდან ბაიათხევის ჩათვლით, უძველესი დროიდან, ძვ.წ. IV-III ათას წლეულიდანაა ათვისებული ადამიანების მიერ. აქ მონაცვლეობით, რიგ შემთხვევაში კი ერთ და იმავე დროს, ფუნქციონირებდა, როგორც სამოსახლო, ასევე სამაროვანი. წელთაღრიცხვათა მიჯნიდან მოყოლებული ვიდრე არაბთა შემოსევამდე, სამთავროს ველი წარმოადგენდა ქართლის სამეფოს
მცხეთის რაიონი
 დედაქალაქ დიდი მცხეთის საერთო საქალაქო სამაროვანს; ხოლო ველის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ფუნქციონირებდა წინარექრისტიანული სატაძრო ცენტრი; ველის ამავე მონაკვეთზე იყო სოციალურად დაწინაურებულ პირთა დასაკრძალი ადგილი. სწორედ ველის აღნიშნული ადგილი შეარჩია მოციქულთასწორმა წმ.ნინომ სალოცავად. მემატიანე გვაუწყებს: "მაშინ წმინდამან ნინო ქალაქისა ზღუდის გარეგნით პოვა ქოჩი ერთი ბრწამი მაყულისა, სადა აწ არს
  საკურთხეველი ზემოსა ეკლესიისა, საეპისკოპოსო, და იგი შეიქმნა საყოფელად თვისად". (ლეონტი მროველი). აქ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა წმ. ნინო სამი წლის განმავლობაში. სამეფო კარის მიერ ქრისტიანობის ოფიციალურ სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისა და სვეტიცხოვლის აგების შემდეგ, მეფე მირიანის ბრძანებით "იწყეს ხუროთა შენებად ეკლესიისა... მაყუალთა მათ ზედა, საყოფელსა წმინდისა ნინოსსა, სადა აწ არს ეკლესია საეპისკოპოსო.” დღეისათვის არსებული კომპლექსი შეიცავს მცირე ეკლესიას, რომელიც მიჩნეულია წმ. ნინოს ეკლესიად; დიდ ტაძარს, რომელიც აგებულია XIს. I ნახევარში, XV-XVI სს. სამრეკლოს და გალავანს, რომლის ძველი ნაწილი კარიბჭითურთ, დიდი ტაძრის თანადროულია. დიდი ტაძარი ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა (27X23მ). მის ასაშენებლად გამოუყენებიათ მოყვითალო-მოყავისფრო კარგად გათლილი კვადრები. მთავარსაეპისკოპოსო ტაძრის საკურთხეველსა და გუმბათზე შემონახულია მოხატულობის ფრაგმენტები. სახელდობრ, გუმბათის ნახევარსფეროში შემორჩენილია ოვალურ წრეში ჩაწერილი მაცხოვრის გამოსახულება (სამწუხაროდ, ძლიერ დაზიანებული) და სახარებისეული სიუჟეტები.
ტაძრის გუმბათი გვიანდელია 1283 წ. უძლიერესი მიწისძვრის შედეგად ჩამონგრეული გუმბათი აღადგინეს XIII-XIV მიჯნაზე; მხატვრობა - XVII საუკუნისაა. ტაძრის ხუროთმოძრვარს საფუძვლიანადა აქვს გააზრებული ლანდშაფტი, რომელშიც ორგანულადაა ჩაწერილი ნაგებობა. გარემოს შესაბამისადა აქვს დამუშავებული ფასადებიც. სახელდობრ, დასავლეთის ფასადი, რომელიც მაღალ ბორცვის სიახლოვესაა და კიდევ უფრო მაღალი მთისკენაა მიმართული - ძალზედ სადაა; საპირისპიროდ, სამხრეთის და ჩრდილოეთის ფასადები მდიდრულადაა მორთული ქვის თითქმის ფილიგრანული სიზუსტით დამუშავებული ჩუქურთმებით, აღმოსავლეთის ფასადის შემკულობაც სადა და ლაკონურია. სამთავროს მთავარსაეპისკოპოსო ტაძარი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კათედრა იყო ქართული ავტოკეფალური ეკლესიისა, რომლის სამწყსო მოიცავდა ძალზედ დიდ ტერიტორიას რეხულას ხეობის ჩათვლით. რუსეთის იმპერიის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების კვალად, რუსეთის წმ. სინოდმა გააუქმა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია; ასევე გაუქმდა სამთავროს მთავარსაეპისკოპოსო კათედრა და 1811 წელს აქ გაიხსნა დედათა მონასტერი.




ზედაზნის მონასტერი 

ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უძველესი ნაგებობა - ზედაზნის მონასტერი მცხეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, არაგვის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს. იგი VI საუკუნის 40-იან წლებში ასურელ მამა იოვანეს დაუარსებია. სამონასტრო ნაგებობათაგნ დღეისათვის შემორჩენილია ნათლისმცემლის სამნავიანი ბაზილიკა, რომელიც ააშენა კათოლიკოსმა კლემენტოსმა VIII საუკუნის დასასრულს (ადრინდელი დარბაზული ეკლესიის ადგილზე). გეგმით კვადრატული ბაზილიკის შუა ნავი ვიწრო და მაღალია, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდა აქვს, შესასვლელი სამხრეთიდანაა (დასავლეთის შესასვლელი გვიანდელია). სამხრეთისა და ჩრდილოეთის ნავები მთავარ ნავს აგურის 
თაღოვანი გასასვლელებით უკავშირდება. ჩრდილო ნავის აღმოსავლეთ ნაწილში მოქცეულია VI-VII საუკუნეების მიჯნაზე აგებული დარბაზული ეკლესია, რომლის გეგმით სწორკუთხა აფსიდა გადახურულია კონუსურ ტრომპებზე დაყრდნობილი ნალისებური კონქით. საკურთხეველი აქ ოთხი საფეხურითაა ამაღლებული. იოვანე ზედაზნელის ქვის კუბო (იგი XVIII საუკუნეში უნდა იყოს გადაკეთებული), "პატიოსანი 
ლუსკუმა", ერთი მესამედით საკურთხეველშია შეჭრილი. ჩრდილო ნავის დასავლეთ ნაწილში წყლის აუზია. სამხრეთის ნავი ორი ნაწილისაგან შ ედგება. ზედაზნის მონასტერი რამდენჯერმე შეკეთდა. 1970-1971 წლებში აქ ჩატარდა სარესტავრაციო და კეთილმოწყობის სამუშაოები. ზედაზნის მონასტერში გაჩაღებული უნდა ყოფილიყო კულტურულ-საგანმანთლებლო საქმიანობა, მაგრამ ჩვენამდე მოღწეულია მხოლოდ ერთ-ერთი ცნობილი ქართველი მწიგნობრის მიქაელ წინამძღვრის სახელი (XI ს.). მის მიერ მიწოდებული მასალის საფუძველზე უცნობმა ავტორმა აღწერა ამ მონასტრის დამაარსებლის იოვანე ზედაზნელის ცხოვრება ცნობილ აგიოგრაფიულ თხზულებაში - "ცხოვრებაი წმიდისა მამისა ჩვენისა იოვანე ზედაზნელისაი".
შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსი 

შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსი, ფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიურ-კულტურული ცენტრი, თბილისიდან 40 კმ-ზე, მცხეთის რაიონში, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს. წყაროები იუწყებიან, რომ მონასტრი დაარსა იოვანე ზედაზნელის მოწაფემ, შიომ, მე-6 საუკუნის შუა წლებში. მამა შიოს თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წლები ბნელ, ღრმა მღვიმეში გაუტარებია, ხოლო გარდაცველების შემდეგ, თანახმად ანდერძისა, იქვე დაუსაფლავებიათ. მისი საფლავი შიომღვიმეში წმინდა ადგილადაა შერაცხული. მე-11 საუკუნეში მღვიმეს ეკლესია დააშენეს, რომელიც მოგვიანებით იოანე ნათლისმცემელის ეკლესიას შეუერთდა. შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსში შედის: იოანე ნათლისმცემლის გუმბათოვანი ეკლესია, ზემო ეკლესია, სატრაპეზო და მონასტრის მახლობლად მდებარე სამლოცველო. იოანე ნათლისმცემლის სადა, მკაცრფორმიანი ეკლესია თითქმის მიწაშია ჩაფლული. იგი ქართული გუმბათოვანი ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუშია, აგებულია წმინდა მამა შიოს ინიციატივით, მე-6 საუკუნის 50-60-იან წლებში.

შიომღვიმე დაწინაურებული სამონასტრო ცენტრი იყო. დიდი მღვიმის უდაბნოს "დიდ ლავრას" უწოდებდნენ. აქ ფართოდ იყო გაჩაღებული ლიტერატურულ-საგანმანათლებლო და მწიგნობრული საქმიანობა. შიო მღვიმელი თავად იყო შემოქმედი. მას მიეწერება,,ასსამოცი თავის სწავლაი ყოვლად შუენიერი და ტკბილი, რომელთა განისწავებოდეს ყოველნი იგი კრებულნი მარადის". მის კალამს ეკუთვნის ქართული ჰიმნოგრაფიის მნიშვნელოვანი ნიმუშები. მე-18 საუკუნეში შიომღვიმში მოღვაწეობდნენ მწიგნობრები: იოსებ სამებელი,გამალიელ გამრეკელი,იონა ხელაშვილი,გერონთი სოლოღაშვილი.შიომღვიმეში მიდიდარი წიგნსაცავი ყოფილა. 1804 წლის ცნობით, შიომღვიმის ბიბლიოთეკაში დაცული იყო ხელნაწერთა მდიდარი ფონდი.
წილკანი 

მე-4 საუკუნეში მეფე ბაქარმა, მირიან მე-3-ის ძემ, დააარსა წილკნის საეპისკოპოსო კათედრალი, რომელიც მცხეთიდან 15 კმ-ზე, სოფელ წილკანში მდებარეობს. კომპლექსში შედის ღვთისმშობლის ეკლესია და მე-8 საუკუნის ციხე-გალავანი. ეკლესიის ადგილზე ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს (მე-5 ს.) ააშენეს სამნავიანი ბაზილიკა, რომელიც მე-7 საუკუნეში გუმბათოვან ტაძრად გადააკეთეს, შემდგომში კი რამდენჯერმე განაახლეს. ტაძარი სხვადასხვა დროის სამ ნაგებობას აერთიანებს: დარბაზულ ეკლესიას (მე-4 ს-ის დასასრული), სამნავიან ბაზილიკას (მე-5- მე-8სს.) და გუმბათოვან ტაძარს. მე-19 საუკუნის დასასრულს ეკლესია შელესეს. ინტერიერში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები და ლაპიდარული წარწერები. მე-6 საუკუნეში წილკანში მოღვაწეობდა ისე წილკნელი, ერთ-ერთი ცამეტ ასურელ მამათაგანი.  
ტრადიცია მას მიაწერს წილკნის სარწყავი არხის"წილკნის რუს" მშენებლობას. სხვადასხვა დროს აქ მოღვაწეობდნენ კალიგრაფები, მწიგნობრები და პოეტები: ეფრემ წილკნელი, რომელიც იაკობის ჟამისწირვის მე-11 საუკუნის ხელნაწერში იხსენიება; კალიგრაფი ბასილი (მე-16ს.); იოსებ სამებელი, ქართული სტამბის ცნობილი მუშაკი; ბიბლიოფილი ქრისტეფორე წილკნელი (მე-18ს); არსენ მანგლელ-წილკნელ-თბილელი (მე-18ს.). საყურადღებოა წილკნელად წოდებული ამბროსი მიქაძის საქმიანობა. მას ეკუთვნის "წიგნი აღსარებისა" (1789 წ.). აქვე მოღვაწეობდა მღვდელმთავარი და მწიგნობარი იოანე ქარუმიძე (მე-18-19სს).
ძეგვის ეკლესია 

მცხეთის რაიონში, მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს, სოფლ ძეგვში შემონახულია შუა საკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები, რომელთაგან აღსანიშნავია ერთნავიანი დარბაზული ეკლესია. იგი გარედან სუფთად გათლილი ქვის ფილებითაა შემოსილი. კარ-სარკმელს პროფილირებული საპირეები ამკობს. შუა სოფელში საბრძოლო-საცხოვრებელი დანიშნულების რიყის მრგვალი კოშკი დგას. სოფლის მიდამოებში რამდენიმე მცირე ზომის დარბაზული ეკლესიაა, მათ შორის X საუკუნის ბოძის საყდარი, რომლის ინტერიერში XI-XII საუკუნეების მოხატულობის ფრაგმენტებია. XII საუკუნეში ძეგვი საკათალიკოსო სოფლად ითვლებოდა და სვეტიცხოვლის სასარგებლოდ გარკვეული გამოსაღები ეკისრებოდა.