მცხეთა-მთიანეთის სმახარეო ადმინისტრაციის და მცხეთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, 14 ოქტომბერს, სახალხო დღესასწაული მცხეთობა გაიმართა. ამასთან დაკავშირებით, მცხეთაში უამრავი ღონისძიებები ჩატარდა, სადაც მონაწილეობა მიღეს როგორც რეგიონის, ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულმა ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა.
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ მცხეთაში მოსულმა სტუმრებმა ქალაქის ქუჩებში გადაინაცვლეს, სადაც მათ საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ იმ მრავალფეროვან სანახაობებს, რომელიც უძველეს სატახტო ქალაქში მთელი დღის მანძილზე მიმდინარეობდა.
გარდა ამისა, მოეწყო იმ სამშენებლო პროექტების პრეზენტაცია, რომელიც ქალაქ მცხეთაში მომავალი წლისთვის უნდა დასრულდეს. “საქპატენტის”, მცხეთის მუზეუმის, სამხარეო პოლიციის, ახალი ხიდისა და ადმინისტრაციული შენობების პრეზენტაცია სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიასთან ჩატარდა, რომელიც მხარის გუბერნატორმა ცეზარ ჩოჩელმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა, მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად გახსნეს.
პარალელურად მიმდინარეობდა მცხეთის საჯარო სკოლებისა და კულტურის სახლების საშემოდგომო გამოფენები და სხვადასხვა წარმოდგენითი სანახაობები. ბავშვებისათვის გაიმართა ზღაპრის გმირების პერსონაჟების წარმოდგენები, მოეწყო სპორტული ღონისძიებები, როგორიცაა ქართული ჭიდაობა, მაგიდის ჩოგბურთი, ფრენბურთი, მინიფეხბურთი, მკლავჭიდი, ჭადრაკი და ნარდი. მოხდა ხალხური რეწვის, კერამიკის, თექისა და ფერწერული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. მოეწყო სახალხო სეირნობა, გამოიფინა საშემოდგომო ნობათი.
ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე განლაგებული იყო სამი სცენა, სადაც დღესასწაულზე მოსული სტუმრების წინაშე, საკუთარი შემოქმედებით წარსდგნენ, როგორც მცხეთა-მთიანეთის, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები.
თეატრონის ტერიტორიაზე განლაგებული კვების ობიექტები დღესასწაულზე მოსულ სტუმრებს – ქართული ტრადიციული კერძებით გაუმასპინძლდნენ.
სახალხო დღესასწაულის დასასრულს, სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიაზე გალა კონცერთი ჩატარდა, სადაც მონაწილეობა მიიღეს ქართული ესტრადის ცნობილმა ვარსკვლავებმა.