საქართველოს პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მცხეთა-მთიანეთის რეგიონს ესტუმრა. სალომე ზურაბიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან მზია გიორგობიანთან, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან შალვა კერესელიძესთან და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან ზურაბ სეხნიაშვილთან ერთად, გრემისხევის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიაში აგვისტოს ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პარაკლისს დაესწრო და გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.
 
ხელისუფლების წარმომადგენლები საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ, მათი საჭიროებები მოისმინეს, გრემისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრეს.
 
მომავალი წლიდან დაიწყება გრემისხევთან დამაკავშირებელი გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია. კეთილმოწყობილი გზა ადგილობრივებს შესაძლებლობას მისცემს კომფორტულად გადაადგილდნენ, უსაფრთხოდ და მოკლე დროში დაუკავშირდნენ, როგორც რაიონულ ცენტრს, ისე დედაქალაქს. სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში რეაბილიტირდება სასმელი წყლის სისტემები და მოეწყობა შიდა და სოფლებს შორის დამაკავშირებელი გზები. ადმინისტრაციული ერთეულის 8 სოფელი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობს. განსახორციელებელი პროექტებისა და სახელმწიფო პროგრამების მიზანს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების კიდევ უფრო გაძლიერება და წასული მოსახლეობის უკან დასაბრუნებლად შესაბამისი პირობების შექმნა წარმოადგენს.
 
სალომე ზურაბიშვილმა ქალაქ დუშეთში ჭილაშვილების სასახლე მოინახულა. ციხე-დარბაზი XVIII საუკუნეში აშენდა და ის არაგვის საერისთავოს მმართველი გვარის - ჭილაშვილის რეზიდენციას წარმოადგენდა. პრეზიდენტი ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულსაც ესტუმრა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან სოფლებში მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.