© სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია. 2009
თიანეთი საისტორიო წყაროებში, როგორც გეოგრაფიული მხარის სახელწოდება, პირველად მე-4 საუკუნეში ქართლის სამეფოში ქრისტიანობის გავრცელებასთან დაკავშირებით იხსენიება. "მოქცევაი ქართლისაის" თანახმად, ქართლის მთიელების მოსაქცევად წასული წმინდა ნინო წობენიდან "გარდავიდა ერწუდ, და დადგა ჟალეთს, დაბისა ედემს და ნათელსცა ერწუ-თიანელთა". ამავე ცნობას იმეორებს XI საუკუნის ისტორიკოსი ლეონტი მროველი.

"ქართლის ცხოვრების" მეორე ავტორი, ასევე XI საუკუნის ისტორიკოსი ჯუანშერი ამ მხარეს იხსენებს ვახტანგ გორგასლის მიერ ოსეთზე ლაშქრობის მზადებასთან დაკავშირებით: "წარვიდა ვახტანგ და დადგა თიანეთს. და მუნ მიერთნეს ყოველნი მეფენი კავკასიანნი (ორმოცდაათიათასი) მხედარი და წარემართა სახელსა ზედა ღმრთისასა, განვლო კარი დარიალანისა".

მოგვიანებით ვახტანგ გორგასალმა აქ ააშენა ეკლესია და დასვა ეპისკოპოსი, ”მწყემსი ერწო-თიანეთისა, ფშავ-ხევსურეთისა და ხერკისა".

XI საუკუნის ქართველი ანონიმური ავტორის თხზულებაში - "მატიანე ქართლისაიში", რომელშიც VII-XI საუკუნეების ისტორიაა მოთხრობილი, რამდენჯერმეა მოხსენიებული თიანეთი, ერწო და ჟალეთი. კერძოდ, მემატიანე თიანეთს იხსენებს გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ III-ის კახეთის ქორეპისკოპოს დავითთან ბრძოლის დროს (1008-1010 წწ.): ბაგრატი "დადგა თიანეთს და იწყო შემუსვრად კახეთსა".

დაახლოებით X საუკუნეში კახეთის სამთავროს ცენტრი ჯერ ბოჭორმაში, ხოლო XI საუკუნის დასაწყისში თიანეთშია გადანაცვლებული. როცა ქართლის მეფე ბაგრატ IV კახეთის შემოერთებისათვის ბრძოლისას თიანეთში გადავიდა, მან დაწვა "დარბაზი ბოდოჯისა" – კახეთის მეფის კვირიკეს სასახლე. ეს დარბაზი სამეფო რეზიდენციად ითვლებოდა, რომელიც დღევანდელ ცხრაკარას ადგილას ყოფილა აგებული. როცა ბოდოჯის დარბაზი დაიწვა, კახეთის ადმინისტრაციული ცენტრმა თელავში გადაინაცვლა. აღნიშნული ტოპონიმი გაქრა, ხოლო კუთხის პოლიტიკურმა ცენტრმა მთელი სანახების - ”(მ)თიანეთის” სახელი დაიმკვიდრა.

თამარ მეფის თანამედროვე უცნობი ავტორი თხზულებისა "ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი" ერწო-თიანეთის მცხოვრებთ ასახელებს სხვა მთიულებს შორის, რომლებიც მეფის მხარეზე იბრძოდნენ აჯანყებული ფხოველების დასამორჩილებლად. "მოუწოდა მეფემან ათაბაგსა და ყოველთა მთეულთა, დვალთა, ცხრაზმელთა, მოხევეთა, ხადელთა, ცხავატელთა, ჭართალთა, ერწოთიანელთა, მისცა ივანე ათაბაგსა და წარავლინა მათ ზედა."

ერწო-ჟალეთზე გადიოდა ერთ-ერთი განშტოება სავაჭრო გზისა, რომელიც ქართლს აერთებდა კავკასიის ალბანეთთან და სომხეთთან. არქეოლოგიური გათხრებისას თიანეთის რაიონის ტერიტორიაზე აღმოჩენილია რომაული, სასანური და ბიზანტიური მონეტები, რომლის მიხედვითაც შესაძლებებლია ვივარაუდოთ, რომ აღნიშნულ პერიოდში ივრის ხეობის მოსახლეობა ინტენსიურად იყო ჩართული საერთაშორისო ფულად მიმოქცევაში. 

მე-13 საუკუნის დასასრულს მონღოლებმა არაგვის ხეობასთან ერთად ერწო-თიანეთიც მიწასთან გაასწორეს. ამის შესახებ ისტორიული წყაროები ასეთ ცნობას გვაწვდის: "წამოვიდნენ (მონღოლები) და მიმართეს მთიულეთს, მოაოხრეს ქართლი, ერწო-თიანეთი და დადგნენ მუხრანს და ხერკს ერწო-თიანეთს და ბაზალეთს დასტყუევნიდიან, სადა ვის მოიხელიან, ზემოხსენებულთა ადგილებთა შინა ცოდვათა ჩვენთათვის".

მხარის შესახებ ისტორიულ ცნობებს შეიცავს XVIII საუკუნის ქართველი ისტორიკოსისა და გეოგრაფის ვახუშტი ბატონიშვილის ნაშრომი "აღწერა სამეფოსა საქართველოისა".
თიანეთის რაიონი
თიანეთი