ყაზბეგის რაიონი კავკასიონის მთავარი ქედის გადაღმა, მის ჩრდილოეთ კალთაზე მდებარეობს. იგი მთლიანად მოიცავს საქართველოს ძირძველ კუთხეს - ხევს. აქ ოდითგანვე გადიოდა ევროპისა და აზიის შემაერთებელი გზა - გზა დარიალისა, რომელსაც მოგვიანებით ”საქართველოს სამხედრო გზა” ეწოდა. მე-16 - მე-18 საუკუნეებში, არაგვის საერისთავოს გაუქმების და საუფლისწულოდ გამოცხადების შემდეგ, ხევისა და მისი მეზობელი კუთხეების (თრუსოსო ხეობა, მთიულეთ-გუდამაყარი) გამგებლობა ერეკლე მეფის შვილებს ჩაბარდათ.
თერგის ხეობასა და სნოს ხეობასთან ერთად ყაზბეგის რაიონის ფარგლებშია მოქცეული თეთრი არაგვის სათავეები და თრუსოს ხეობა - ისტორიული დვალეთის ერთი ნაწილი, რომელიც დასახლებული იყო დვალებით, ქართველების მონათესავე ტომით. გვიანფეოდალურ ხანაში ამ ხეობაში ოსები დასახლდნენ და თანდათან დვალების ასიმილაცია მოახერხეს.
ხევის ტერიტორიაზე მოსახლეობის უძველესი ხნიდან არსებობის უტყუარ მაჩვენებელს წარმოადგენს ხევში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა, რომელიც ცნობილია ”ყაზბეგის განძის” სახელით. იგი ძვ.წ მე-6-5 სს-ით თარიღდება. ყაზბეგის განძი, დაახლოებით 200 ნივთი, 1877 წ. დაბა ყაზბეგთან აღმოაჩინეს. განძის შემადგენლობაში იყო აქმენიდური ხელოვნების ნიმუშები: ვერცხლის ფიალა, ბრინჯაოს ჭურჭელი, ფიბულები, ირმის პატარა ქანდაკება. განძის დიდი ნაწილი ინახება მოსკოვის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში, მცირე ნაწილი ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში. ამავე არქეოლოგიური მონაცემების და წერილობითი წყაროების მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ ანტიკურ ხანაში ხევი უკვე წარმოადგენდა იბერიის სამეფოს ნაწილს.
ხევში მცხოვრები მთიელები ”მოხევეებად” პირველად იხსენიებიან თამარ მეფის ისტორიკოსის მიერ. მანამდე, გაცილებით უფრო ძველი წყაროები ხევის მცხოვრებლებს უბრალოდ ”მთიელებს” უწოდებს.
სტეფანწმინდიდან თერგი შევიწროვებულია, ერთის მხრით, მყინვარის მთის ტოტებით და მეორეს მხრით, ყუროსა და შინოს მთებით და ქმნის ცნობილ დარიალის ხეობას.
დარიალის გზამ ანუ არაგვის ხეობამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს ისტორიაში. ჩრდილო და სამხრეთ კავკასიაში მცხოვრებ ტომებს შორის უკვე ენეოლით-ადრებრინჯაოს ხანიდან არსებობს მჭიდრო კულტურულ-ეკონომიკური ურთიერთობა. ამ ურთიერთობის ერთ-ერთ არხს თერგი-არაგვის ხეობები წარმოადგენდა. ძვ. წელთაღრიცხვის VI ს-ში სკვითური ტომების შემოღწევა ამიერკავკასიასა და და მცირე აზიაში სხვა გზებთან ერთად დარიალ-არაგვითაც ხორციელდებოდა.
როცა რომაელები პირველად მოვიდნენ საქართველოში, მათ დარიალა იბერიის სამეფოს ხელში დახვდათ, ქართველებს ეს ხეობა მიუდგომელი კედლით ჰქონდათ გამაგრებული. თუ რა მიზანი ჰქონდა ამ სიმაგრეს, ამაზე პირველ საუკუნეში მცხოვრები რომაელი მწერალი პლინიუსი მოგვითხრობს: "კავკასიის კარები უზარმაზარი ქმნილებაა ბუნებისა, მთების უეცარი გაპობის შედეგი, თვით გასასვლელი მოზღუდულია რკინით შემოჭედილი დირეებით. მდინარის გამოღმა აგებულია კუმანიად წოდებული სიმაგრე, აშენებული იმ მიზნით, რათა დააბრკოლონ მრავალრიცხოვანი ტომების გადმოსვლა".
ვახუშტი ბაგრატიონის აზრით, "დარიელას შეაბა კარი და ქმნა სიმაგრე ხაზართა და ოვსთათვის, რათა უიმისოდ ვერღარა ვიდოდნენ, მესამე მეფემან მირვან". XI ს. ისტორიკოსის ჯუანშერის ცნობით კი ვახტანგ გორგასალმა "დაიმორჩილნა ოვსნი და ყივჩაყნი და შექმნა კარნი ოვსეთისანი, რომელთა ჩუენ დარიალისად უწოდით და აღაშენნა მას ზედა გოდოლნი მაღალნი და გაადგინნა მცველად მახლობელნი იგი მთიულნი. არა ხელეწიფების გამოსვლად დიდთა მათ ნათესავთა ოვსთა და ყივჩაღდა ბრძანებისა ქართველთა მეფისა".
თემურლენგის შემოსევების შემდეგ დარიალ-არაგვის გზა თავის მნიშვნელობას კარგავს. XVI ს. მიწურულს კი ამ გზის მთიანი ნაწილი მხოლოდ ნაგზაურსღა წარმოადგენდა.
XVIIIს. მეორე ნახევრიდან კვლავ გამოცოცხლდა დარიალის გზა. 1801 წლიდან, რუსეთის მიერ საქართველოს ძალისმიერი მიერთების შემდეგ, დარიალ-არაგვის გზას დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა მიენიჭა. მან მიიღო "საქართველოს სამხედრო გზის" სახელწოდება და წარმოადგენდა ამიერკავკასიის რუსეთთან დამაკავშირებელ ერთ-ერთ მთავარ არტერიას.
1804 წელს მთიელებისაგან მთავარმართებელმა პ. ციციანოვმა ერევანში გასალაშქრებლად ჯარი მოითხოვა. ამაზე მთიულებმა გადაჭრით უარი უპასუხეს და თანაც რუსებს ამოჟლეტით დაემუქრნენ. ასეთი ურჩობისათვის მთავარმართებელმა მათი მკაცრი დასჯა განიზრახა.
მთიულები აჯანყდნენ, რუსეთის ჯარისათვის რომ მოძრაობას საშუალება მოესპოთ, მთიულეთის ფარგლებში სამხედრო გზა მთლად გააფუჭეს, ანანურიდან დაწყებული კაიშაურამდის. კაიშაურში მოხდა აჯანყებულთა პირველი შეტაკება რუსებთან, მთიულებმა გაიმარჯვეს და აჯანყებისაკენ მოხევეებსაც მოუწოდეს. სამხედრო გზის სამხრეთ ნაწილი აჯანყებულთა ხელში აღმოჩნდა.
ამას მოჰყვა რუსის ჯარის დიდი დამარცხება ლომისასთან, სადაც მეამბოხეებმა გაანადგურეს მაიორ მელლას რაზმები და დიდის ზარალით უკუაქციეს. ლომისასთან სახელოვანმა გამარჯვებამ უფრო გააძლიერა მეამბოხეთა ბანაკი და აჯანყების ცეცხლი მთელ მთას ედებოდა. მალე ტახტის მაძიებელი ბატონიშვილი ვახტანგი სტეფანწმინდაში ჩამოვიდა, იგი ამბოხისკენ მოუწოდებდა ქსნის ხეობასაც. აჯანყებულებმა სპარსეთში გადახვეწილი ალექსანდრე ბატონიშვილის მეშვეობით შეძლეს დარიალს იქით მდებარე, სოფელ ჩმის მფლობელის დუდარუკო ახმედის მიმხრობაც, რომელიც ვლადიკავკაზიდან დარიალამდე თერგის მთელ ხეობას განაგებდა. ამით რუსეთიდან საქართველოს მთიანეთისაკენ მომავალ მაშველ ძალებს გზა დაეხშოთ.
სიონის ციხესთან, რომელშიც ბატონიშვილი ფარნაოზი და მეამბოხეები იყვნენ გამაგრებული, მოხდა დიდი და გადამწყვეტი ბრძოლა.
რუსის ჯარმა მეამბოხენი დაამარცხა, სიონის ციხე აიღო. ბატონიშვილი ფარნაოზი ხევიდან ფშავ-ხევსურეთში გაიხიზნა. სიონის აღებას მოჰყვა დანარჩენი სიმაგრეების რუსების ხელში გადასვლა. 1804 წლის ოქტომბერში ყველაფერი დამთავრდა, აჯანყებულებმა მთამ იარაღი დაჰყარა და თვითმპყრობელობის უხეშ ბატონობას იძულებით დამორჩილდა.
ამგვარად მე-19 საუკუნის გარიჟრაჟზე თავისუფლებისათვის მებრძოლი ხევი დამარცხდა.
1917 წლამდე ახლანდელი ყაზბეგის რაიონის ტერიტორია შედიოდა თბილისის გუბერნიის დუშეთის მაზრაში, 1930-იდან დამოუკიდებელი რაიონია. დღევანდელი ადმინისტრაციული დაყოფით ყაზბეგის რაიონი მცხეთა-მთიანეთის მხარეში შედის.